ვინ იყო ქართული რეჟისორი, რომელსაც აკაკი წერეთელმა გვარის გამო დასცინა
ვინ იყო ქართული რეჟისორი, რომელსაც აკაკი წერეთელმა გვარის გამო  დასცინა
"აკაკი წერეთელმა ახალგაზრდა ხელოვანს გვარის გამო დასცინა"

პირველი ეროვნული ოპერებისა და პირველი ქართული მხატვრული ფილმის ავტორი, ალექსანდრე წუწუნავა ბავშვობიდან ხელოვნებით იყო გატაცებული. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მან შეძლო არაერთი მიმართულებით გამხდარიყო "პირველი".

...
წინაპრები
გურიაში, სოფელ ციხისძირში 1881 წლის 28 იანვარს, 100 წელს მიტანებულმა ალექსანდრე თაყაიშვილმა შვილიშვილის დაბადება კაჟიანი თოფის თორმეტჯერ გასროლით აღნიშნა და შვილიშვილს თავისი სახელი დაარქვა. ამ კაცს ახალგაზრდობაში არაერთი საინტერესო და რომანტიკული თავგადასავალი ჰქონია, მათ შორის - დაოჯახების ამბავიც. თავის დროზე ალექსანდრეს თავად ნაკაშიძის ქალი ჰყვარებია, რომელიც მოიტაცა და მასთან ერთად რამდენიმე დღე ლიხაურის ციხეში გამოიკეტა. სასიმამრო მიუვარდა და ქალიშვილის უკან დაბრუნებას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი სიძე-სიმამრის ქეიფით დასრულდა. მოგვიანებით, ალექსანდრესა და მატას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ეკატერინე დაარქვეს. ის ადრეული ასაკიდანვე შენიშნა ალექსანდრეს მომავალმა სიძემ - რაჟდენმა. გოგონა დანიშნა და მოგვიანებით, ცოლადაც შეირთო.


დაწყებითი განათლება
რაჟდენსა და ეკატერინეს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. განათლებული წყვილი იყო და ოჯახში წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ, შვილი ალექსანდრე ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარეს. ბავშვს ზედმეტად მკაცრი გარემო დახვდა. "გამარუსებელი პოლიტიკა" ქართულად ლაპარაკს კრძალავდა და ამის გამო, მოსწავლეებს სასტიკად სჯიდნენ... ერთ დღეს ოზურგეთს გოდფრუას ცირკი ესტუმრა. როცა ეს ამბავი ალიოშამ (ასე ეძახდნენ ალექსანდრეს) შეიტყო, მეგობრებს უთხრა და ბავშვები ცირკში უნებართვოდ წავიდნენ, მაგრამ იქ მისვლა და მათი დაჭერა ერთი იყო - ბავშვებს ცირკის კართან ჩასაფრებული ელოდა ერთ-ერთი მაწავლებელი. მან ალიოშას ხელი ჩაავლო. მოსწავლემ მასწავლებელი ხელის კვრით მოიშორა, დაუძვრა, ხალხს შეერია და მეგობრებთან ერთად, სანახაობას ბოლომდე დაესწრო. მეორე დღეს მასწავლებელს მოსწავლეების გამოტეხა არ გასჭირვებია, მათ მალევე აღიარეს, რომ ცირკში წასვლის იდეა ალიოშამ გამოთქვა. "ჰა, რას იტყვი, ვაჟბატონო, კარგია ცირკი?" - მიუბრუნდა ალექსანდრეს მასწავლებელი. "ძალიან", - უპასუხა მან. "ჩემი არ გეშინია?" - "არა" -
იყო პასუხი. "აი, თუ არ გეშინია"... - გაბრაზდა მასწავლებელი და მოსასხამის ქვეშ დამალული შოლტი ბავშვს სახეში გაარტყა. ალექსანდრეს ლოყა გაუსკდა და სიმწრისგან გულწასული ძირს დაეცა. "...მართალია, დამსაჯა ტირანმა მასწავლებელმა, მაგრამ ცირკისადმი მისწრაფება გულიდან ვერ აღმომიფხვრა. სამაგიეროდ, მისდამი ზიზღი სიკვდილამდის შემრჩა", - იგონებდა მოგვიანებით ალექსანდრე წუწუნავა.
15 წლის ალექსანდრეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საქმიანობას თეატრში გააგრძელებდა. ამავე პერიოდში, ის არაერთ წარმოდგენაში მონაწილეობდა და ზაფხულობით ლიხაურსა და მეზობელ სოფლებში წარმოდგენებს მართავდა. ოჯახის წევრები ურჩევდნენ, თავი დაენებებინა "წანწალისთვის" და სწავლა გაეგრძელებინა. "არა, შვილო, არ გვიყო ეს საქმე" - უთხრა ერთხელაც შვილს რაჟდენმა და ალექსანდრემაც, საბუთები თბილისის საოსტატო (სამასწავლებლო) ინსტიტუტში შეიტანა.    განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები