ქართველი პატარძლების პრეტენზიები და საქორწინო კაბების ბაზარი
ქართველი პატარძლების პრეტენზიები და საქორწინო კაბების ბაზარი
სადღესასწაულო კაბების სალონი „მარიგოლდი“ უკვე 10 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს – რა მოთხოვნებია, ფასები და სეგმენტი – M2B ამ თემაზე კომპანიის მფლობელს თამარ ნადირაძეს ესაუბრა.

- ,,მარიგოლდი“10 წლის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თეა გუნთაიშვილი საინტერესო პროექტებით ხშირად გვანებივრებს და, შესაბამისად, ,,მარიგოლდს“ განსხვავებული დაბადების დღე ექნება, რომელიც ქალაქისთვის და ჩვენი საუკეთესო მეგობრებისთვის – ჟურნალისტებისთვის გაიმართება.

...
- ამ 10 წლის განმავლობაში რა გამოწვევების გამკლავება მოგიწიათ?

- საკმაოდ რთული ეტაპები გადავლახეთ. დიდი ხანია ამ საქმეში ვარ, თუმცა ,,მარიგოლდის“, როგორც დამოუკიდებელი კომპანიის ჩამოყალიბება, 2008 წელს, ერთ ღამეში გადავწყვიტე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ,,მარიგოლდმა“ ქართულ ბაზარზე ახალი სტილი შემოიტანა. საწყისი პერიოდი ისეთი რთული იყო, რამდენიმე თვე არც მიძინია. საქმიანობა სამი კაბით დავიწყეთ. ყოველ ღამე ერთს ან ორ კაბას ვამატებდით. ,,მარიგოლდს“ დღეს 1500-ზე მეტი კაბა აქვს. ბრენდის წოდება ღირსეულად რომ მიგვეღო, ამისთვის დიდი გზა გავიარეთ.


- დღეს რა ეტაპზეა ,,მარიგოლდი“ , როგორც კომპანია?

- კომპანიამ შეძლო და გახსნა მოდის სახლი, სადაც მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმენით. სალონური სახლისთვის მყუდრო ტერიტორია და არა გზის პირი, სპეციალურად შევარჩიეთ. ქვედა სართულზე სალონი განვათავსეთ, რომელიც ვარცხნილობითა და მაკიაჟით მხოლოდ ჩვენს მომხმარებელს უზრუნველყოფს. ,,მარიგოლდი“ მათთვისაა, ვისაც გემოვნებაზე პრეტენზია აქვს და ერკვევა ხარისხში, რადგან ჩვენი მთავარი ნიშა, სწორედ ესაა.


- დღეს რას სთავაზობთ ,,მარიგოლდის“ მომხმარებელს?

- დედოფლებსა თუ მეჯვარეებს სრულ და ყველანაირ მომსახურებას ვთავაზობთ. პატარძლებს შეუძლიათ კაბა შეიკერონ და შეიძინონ და თუ ამის საშუალება არ აქვთ, შეიკერონ და იქირაონ. ვცდილობთ პატარძლებს ყველა კაპრიზი თუ სურვილი შევუსრულოთ. მოიტანენ საპატარძლო კაბის ფოტოს და გვეუბნებიან, რომ ზუსტად ისეთი კაბა სურს, როგორიც რომელიმე ვარსკვლავს ეცვა. რიგ შემთხვევებში რჩევებსაც ვეუბნებით და თუ ვხვდებით, რომ ის მოდელი მას არ მოუხდება, ალტერნატივას ვთავაზობთ და უარის შემთხვევაში, გვირჩევნია ჩვენც უარი ვთქვათ შეკვეთაზე, რადგან პატარძალი ,,მარიგოლდის“ სარკეა.


- ქართველი პატარძლები პრეტენზიულები არიან?

- პრეტენზიულები ნამდვილად არიან. თუმცა, როცა პრეტენზია საღ აზრთან და გემოვნებასთან ახლოსაა, ასატანი და მოსათმენია. ახლანდელი თაობის პატარძლები ამბიციურები გახდნენ. სურათს გვაჩვენებენ და იდენტურის შეკერვას გვთხოვენ. მაშინვე ვიწყებ ფაქტურის ძიებას იმ ქარხნებში, რომლებთანაც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები მუშაობენ. ისეთი მომხმარებელიც მოსულა, რომელსაც საოცარი გემოვნება ჰქონია, თუმცა კაბის ღირებულებას ვერ შესწვდომია. ასეთ დროს, ყოფილა შემთხვევა, როცა თვითღირებულებაზეც გვიმუშავია.


- კაბის გაქირავებისა და გაყიდვის რა პროცენტული მაჩვენებელი გაქვთ?

- კაბებს მომხმარებლის 97% ქირაობს. 3%-დან კაბების მსყიდველუნარიანობის 0.3% ქართველებზე მოდის, დანარჩენი კი უცხოელებზე.


- კაბის გაქირავების ფასი რა დიაპაზონში მერყეობს?

- კაბებზე ფიქსირებული ფასები არ მაქვს. ხმამაღალ ნათქვამში ნურავინ ჩამითვლის, მაგრამ უამრავ ქალს აქვს სურვილი, რომ ქორწილსა თუ სხვა დღესასწაულებზე ,,მარიგოლდის“ კაბა ეცვას. თუმცა, ახალი კაბის შეკვეთა ბევრს ვერ ხელეწიფება. ერთი გოგონას ისტორია გამახსენდა, რომელიც ბანკეტისთვის სამზადისში რაიონიდან ჩამოვიდა. კედელზე ,,მარიგოლდის“ წარწერა რომ დაინახა, ხტუნვა დაიწყო, სად მოვხვედრილვარ, ოცნებად მქონდა თქვენი კაბის
ჩაცმაო. ამ დროს რა ფულზეა საუბარი?! 750 ლარი ჰქონდა და მიადგა კაბას, რომლის ქირის ღირებულება 2500 ლარი იყო. დამიჯერებთ, რომ კაბა ჩამოვუხსენი და კი არ მივაქირავე, მივყიდე?! ჩემთვის ეს ხელოვნებაა და არა ბიზნესი, ამიტომ ნებისმიერი სეგმენტისთვის გვაქვს არჩევანი. ,,მარიგოლდის“ მოდის სალონმა ადგილმდებარეობა კი შეიცვალა, მაგრამ აღმაშენებლის გამზირზე შოუ რუმი დავტოვეთ, სადაც მომხმარებელი კაბის ქირაობა 300 ლარიდან შეუძლია. მაქსიმალური თანხა შეიძლება 15 000 ლარიც იყოს და მეტიც. ახალი კაბის ქირაობის ფასი 1000 ლარიდან იწყება. ქართველებს კარგი გემოვნება კი გვაქვს, მაგრამ ფულის გადახდა არ გვიყვარს. მოგვიტანენ ამა თუ იმ დიზაინერის ნამუშევარი კაბის სურათს, რომლის ღირებულებაც 100 000 ევროა და ჩვენ 1500 ლარში გვთხოვენ.


- პატარძლებისთვის ვიზაჟიც კაბის თანხაში შედის?

- არა, თუმცა მაკიაჟს, ვარცხნილობასა და მორთულობის უზრუნველყოფას სიმბოლური საფასური აქვს - დაახლოებით 200 ლარი ჯდება. როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ ჩვენს პატარძლებს ვემსახურებით. პირადად მე ვაკეთებ მაკიაჟს პატარძლისთვის. მაკიაჟის გაკეთებაში საკმაოდ სოლიდური თანხაც შემოუთავაზებიათ, თუმცა უარი მითქვამს. კარგად გაკეთებული მაკიაჟი შეიძლება ამა თუ იმ კაბაზე სულ არ გამოჩნდეს ისე, როგორიც სინამდვილეშია. ამიტომაც ვამბობ უარს. მაკიაჟის კეთებაში 500 დოლარიც გადაუხდიათ და ათასიც, თუმცა სულ ვამბობ, რომ მირჩევნია ჩემს პატარძლებს მოვემსახურო მიზერულ ფასად.


- ექსკლუზიურ მოდელებზე რას გვეტყვით?

- ექსკლუზიური მოდელელის კაბების ქირაობა განსაკუთრებით ძვირია. შეიძლება ღირდეს 15 000 ლარიც და მეტიც. თუ მომხმარებელი ნამდვილი შემფასებელი და რეალური საფასურის გადამხდელი არ არის, მირჩევნია კაბა საერთოდ არ გავაქირაო და ,,მარიგოლდის“ მუზეუმსა და შთამომავლობას დარჩეს. პრიბალტიკელმა გოგომ, რომელიც კანადაში გათხოვდა, საქორწინო კაბა ჩვენთან იქირავა საკმაოდ სოლიდურ ფასად და 30 კაციანი ქორწილი გადაიხადა. უცხოელებისთვის მთავარი კაბა და ფოტოსესიაა. ჩვენთან კი სხვაგვარი მიდგომაა. მინახავს ქორწილი, რომელიც 100 000 ლარი დამჯდარა და 1000 ლარიან კაბის ქირაობაზე უწუწუნიათ. უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის ,,მარიგოლდის“ ფასები კაპიკებია და ჩვენთან სიამოვნებით თანამშრომლობენ, რადგან კარგად ხედავენ, ფასთან ერთად რა ხარისხთან აქვთ საქმე.


- კაბების ქართულ ხაზსაც აწარმოებთ. ამაზეც გვიამბეთ.

- მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია საქმე სხვა ქვეყანაში ვაკეთო, საქართველო იმდენად მიყვარს, სხვაგან წასვლას ვერც შევძლებ. სწორედ ამის გამოძახილია კაბების არაკომერციული ქართული ხაზი, რომელსაც ვქმნით. გათანამედროვებულმა ქართულმა სამოსმა, რომელიც წლების წინ საქართველოს კუთხეების მიხედვით შევქმენით, ყველა ქვეყანა მოიარა, თუმცა გაყიდვაში არ გვაქვს. ამჟამად ვაშინქტონში, საქართველოს საელჩოშია გამოფენილი. ყველაზე დიდი განძი, რაც გაგვაჩნია, ისტორია და კულტურაა. გვინდა ამის შესახებ მსოფლიომ გაიგოს. ეს კოლექცია საქართველოსთვის შევქმენით და ბრენდ-ბუქიც გავაკეთეთ.


- ქართული ხაზის სამოსიდან ყიდვის მსურველი ალბათ ბევრია...

- კი, ასეა. შეძენის მსურველები არიან, თუმცა ჩვენების შემდეგ სამოსი ზიანდება და ქიმწმენდას საჭიროებს, რის შემდეგაც კაბის ფასეულობა იკლებს და შესაძლებელია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომიც გახდეს, მაგრამ ჯერ არ გაგვიყიდია. ქართული ხაზის სამოსის თვითღირებულება 4000 ლარს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.


- ,,მარიგოლდი“, როგორც ბიზნესი, რა ეტაპზეა?

- დღესაც ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ბრენდის სახელზე ვმუშაობ და ,,მარიგოლდი“ ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის ბიზნესი. ბიზნესის კუთხით ,,მარიგოლდს“ ჩვენი მომავალი თაობა შეხედავს. ამის ნიადაგის მზადებაში ვარ. საუბარი მაქვს ,,მარიგოლდის“ გუნდზე. კომპანიაში ყველა ოჯახის წევრი ვმუშაობთ.

სრული  ვერსია  იხილეთ   m2b.ge
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები