დააზღვიე და მოკალი - „შავი ქვრივი“ და მისი სისხლიანი ბიზნესი
დააზღვიე და მოკალი - „შავი ქვრივი“ და მისი სისხლიანი ბიზნესი
მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორიას უამრავი საზარელი დანაშაული ახსოვს, თუმცა ეს ქალი თავისი ცინიზმითა და სისასტიკით გამორჩეულია...

ნორვეგიელმა ქალმა ბელ სორანსენ ჰანსენმა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საკუთარი შვილები, ქმრები და საყვარლები დახოცა და ამისთვის სადაზღვევო კომპანიებისგან სოლიდური თანხა მიიღო.

...ყველაფერი 1881 წელს დაიწყო, როცა ბელი ნორვეგიიდან საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და მედს სორანსენზე დაქორწინდა.


წყვილს ოთხი მშვენიერი შვილი შეეძინა. შესაძლოა, ბელი მთელი ცხოვრება სანიმუშო დედა და მეუღლე ყოფილიყო, რომ არა შემთხვევა, რომელმაც პირველი მკვლელობისკენ უბიძგა...

შემოდგომის წვიმიან დღეს სორანსენების საკონდიტრო მაღაზია, რომელიც ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, ხანძარმა გაანადგურა და სადაზღვევო კომპანია იძულებული გახდა, ოჯახისთვის სოლიდური თანხა გადაეხადა. ამ შემთხვევის შემდეგ, ქალმა სადაზღვევო კომპანიების ხარჯზე გამდიდრების საშინელი ბიზნესგეგმა დასახა.




„მზრუნველმა დედამ“ თავისი ოთხი შვილიდან ორი დააზღვია და ორივე ბავშვი კოლიტით გარდაიცვალა. ზოგიერთი ექიმის აზრით, სიმპტომები მოწამვლაზე უფრო მიანიშნებდა, მაგრამ გარდაცვალების ცნობაში მაინც კოლიტი ჩაიწერა. მწუხარებისგან განადგურებულმა მშობლებმა სადაზღვევო კომპანიებისგან ამჯერადაც დიდი ფული მიიღეს.

ბავშვების სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბელის ქმარი დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. უცნაურია, მაგრამ სიკვდილამდე ერთი
თვით ადრე მან სიცოცხლის დაზღვევა გადაწყვიტა. ექიმი, რომელმაც გარდაცვალების ცნობა გასცა, განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა მეორე ექიმი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მამაკაცი სტრიქნინით იყო მოწამლული. ბელის მცდელობით, გვამის გაკვეთა და ექსპერტიზა არც ამ შემთხვევაში ჩატარებულა. საბოლოოდ, „დამწუხრებულმა ქვრივმა“ სადაზღვევო კომპანიისგან 8000 დოლარზე მეტი მიიღო, რაც დღევანდელი კურსით, 250 000 დოლარია.

ქმარ-შვილის მკვლელობით გამდიდრებულმა ქვრივმა მეზობელ შტატში ფერმა იყიდა და ცოცხლად დარჩენილ შვილებთან ერთად გადავიდა, თუმცა ამით სადაზღვევო მაქინაციები არ დასრულებულა...

1902 წელს ბელი მეორედ გათხოვდა. ქორწინებიდან 12 დღის შემდეგ მისი მეორე ქმრის უმცროსი ქალიშვილი გარდაიცვალა. მალე შვილს მამა მიჰყვა და „შავი ქვრივის“ ყულაბა კიდევ რამდენიმე ათასი დოლარით შეივსო. მალე ბელმა, ფულიანი მამაკაცების გაცნობის მიზნით, გაზეთებში განცხადებების გამოქვეყნება დაიწყო და უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა, თუმცა ვინც „შავი ქვრივის“ ფერმაში ერთხელ მაინც მოხვდა, სახლში აღარასოდეს დაბრუნებულა.

1908 წელს, ღამით, ბელის ფერმა ცეცხლის ალში გაეხვია. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, მეხანძრეებმა სამი ბავშვისა და გუვერნანტი ქალის გვამი აღმოაჩინეს. ბელი კი უკვალოდ გუჩინარდა.
ამბობენ, რომ ქალი 1931 წელს მისისიპის შტატში დაინახეს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, ბელ სორანსენ ჰანესი ფერმაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები